სუფთა ენერგიის გამოყენება ხელს უწყობს საქართველოს მდინარეებისა და ტყეების დაცვას

Georgia-Solar Panels


გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით, კრწანისის ტყე-პარკში მზის პანელები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კრწანისის ტყე-პარკში 100 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა, რომლებიც ტყე-პარკს განახლებადი ელექტროენერგიით მოამარაგებს. მზის ენერგიის მეშვეობით ასევე განხორციელდება 50 ჰექტარი დაცული ტყის ირიგაცია, ხოლო პარკის ტერიტორიაზე არსებული რვა ნამდინარევი, რომელთა ამოშრობა მტკვრიდან ქვიშისა და ღორღის გადამეტებულ ამოღებას უკავშირდება, კვლავ წყლით შეივსება.

მზის პანელების მონტაჟი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით UNDP-სა და GEF-ის უფრო ფართო რეგიონული პროგრამის მტკვარი-2 ფარგლებში.

 „კრწანისის ტყე-პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი აღდგენა თანხვედრაშია ჩვენი სამინისტროს პოლიტიკასთან. მწვანე და მდგრადი ენერგორესურსებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტყე-პარკის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 „ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად და დროულად შევძლებთ წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებას განახლებადი ენერგიით. ამ მხრივ, კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა იმის კარგი მაგალითია, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენება სასიკეთოა, როგორც გარემოსთვის, ასევე ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

 „მდინარე მტკვარი სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების მასაზრდოებელი წყაროა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის მდგრადი მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის და რეგიონში წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა UNDP-GEF პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, მერი მეთიუსმა.

 თბილისსა და რუსთავს შორის განლაგებული კრწანისის ტყე-პარკი 210 ჰექტარს იკავებს. ეს მტკვრის ჭალის ბუნებრივი ეკოსისტემაა, რომელიც ერთ დროს ხეების 170 სახეობითა და კურდღლის, გარეული იხვისა და ტბის თევზის პოპულაციებით იყო ცნობილი. გასული ათწლეულების მანძილზე, ტყე-პარკი მუდმივად ზარალდებოდა ხე-ტყის გაჩეხვის, უკანონო ნადირობისა და მდინარე მტკვრიდან ქვიშისა და ღორღის გადამეტებული ამოღების შედეგად, რამაც ეკოსისტემის დეგრადირება გამოიწვია.

 2019 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კრწანისის ტყე-პარკში დაიწყო სახელმწიფო პროგრამა მისი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და რეკრეაციული დანიშნულების აღდგენისთვის.

 მზის ენერგია, რომელსაც კრწანისის ტყე-პარკი UNDP-ის ხელშეწყობით მიიღებს, 50 ჰექტარზე გაშენებული ტყის მორწყვას და რვა ნამდინარევის წყლით შევსებას მოხმარდება. UNDP-ის დახმარებით ასევე ამოქმედდება თევზის სანაშენე მეურნეობა, რომელიც ნამდინარევში თევზის პოპულაციის აღდგენას მოემსახურება. მდინარე მტკვრიდან წყლის ამოტუმბვა, რომელიც ამ საქმიანობის განხორცილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, მდინარის მინიმალური დღიური დინების 0.14 პროცენტს არ გადააჭარბებს, რაც იმის გარანტია იქნება, რომ, როგორც მდინარის ეკოსისტემას, ისე ახლომდებარე სოფლების წყლით მომარაგებას, საფრთხე არ დაემუქრება.

UNDP-სა და GEF-ის პროგრამა „მტკვარი-2“ საქართველოსა და აზერბაიჯანში ხორციელდება და ორივე ქვეყანას წყლის რესურსების მდგრად მართვაში ეხმარება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს და აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება. პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება.

წყარო: www.ge.undp.org


დაბრუნება