სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პროგრამის, EU4Energy ახალ ფაზას იწყებს

Clean energy transition


2021 წლის 8 ივლისს ევროკომისიამ თავისი პროგრამის, EU4Energy ახალი ეტაპის — „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: პროგრამის, EU4Energy II ფაზის დაწყება აღნიშნა.

პროგრამა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ენერგეტიკის სანდო საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების შემუშავებას ისახავს, რაც რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს.

პროგრამა გაითვალისწინებს ისეთ ახალ გამოწვევებს და პერსპექტივებს, როგორიცაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ბაზრის ყველა სეგმენტში ციფრული გარდაქმნის ეტაპობრივი ჩართვა და ხარჯების ამსახველი ტარიფების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სარგებლიანი იქნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ჩადებას მდგრად ენერგეტიკაში, პრიორიტეტს მიანიჭებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააუმჯობესებს რეგიონული ბაზრის ინტეგრაციას და შიდარეგიონულ ვაჭრობას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა დაინტერესების მიზნით, პროგრამა თავის საქმიანობასა და რეფორმებში მათ მონაწილეობას კონსულტაციების, განხილვების თუ კამპანიების მეშვეობით შეუწყობს ხელს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გენდერულ თანასწორობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალთა დასაქმებაზე და მათ მიერ მმართველი პოზიციების დაკავების პოტენციალის გამოყენებაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს თავიანთი კანონმდებლობების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და ენერგეტიკული ბაზრების ევროკავშირთან დაახლოების სფეროში. ამან მომხმარებლის უფლებებისა და შესაძლებლობების გასაფართოებლად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემო შექმნა“, — ​განაცხადა სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ევროპული მწვანე შეთანხმების და კავშირების გუნდის ხელმძღვანელმა, მაიკლ რუპმა, — “პროგრამის მიერ დღემდე მიღწეული წარმატებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და მოქალაქეების ევროპული ფასეულობების მიმართ ერთგულებას წარმოაჩენს. მათი როლის ხაზგასმა ძალზე მნიშვნელოვანია — ევროკავშირს შეუძლია, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს თავისი ექსპერტული ცოდნით დაეხმაროს, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციების საქმედ გარდაქმნა ამ ქვეყნების მთავრობების და მოქალაქეების პასუხისმგებლობაა“.

პროგრამის, EU4Energy მთლიანი ბიუჯეტი 8.5 მილიონი ევროა და მას ევროკავშირი აფინანსებს.

წყარო


დაბრუნება