საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ენერგოეფექტურობის გაზრდას გეგმავს

Grant Programme


პირველ ეტაპზე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან რვა მუნიციპალიტეტში შეღავათიანი სესხები გაცემა მოხდება ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსებას იწყებს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

პროექტს ემატება ახალი კომპონენტი, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებას მოიცავს.

პროექტის მიზანია მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარება და ალტერნატიული და განახლებადი მყარი საწვავი საშუალებების (პელეტი, ბრიკეტი, შეშა, ხე-ტყის ნარჩენი, ნამჯა და სასოფლო სამეურნეო სხვა ნარჩენები) მწარმოებელი საწარმოების შექმნა.

„სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სესხები, ასევე ლიზინგი.

2021 წლის 1 მაისიდან, საწყის ეტაპზე ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნით, საფინანსო ინსტიტუტების მიერ სესხები გაიცემა იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილება ტყის სექტორის რეფორმას უკავშირდება. ტყის სექტორის რეფორმის პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო „ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამას“ განახორციელებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს.

საქართველოში შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება.

წყარო


დაბრუნება