საქართველო დაბალემისიანი განვითარების გზაზე

Low emission future

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კლიმატის ცვლილების დაძლევა საქართველოს ეროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება

საქართველოს განვითარებამ როგორც კლიმატისადმი მედეგობა, ასევე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა უნდა გაითვალისწინოს, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მიიღოს.

სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავების შესახებ იმსჯელეს სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს და ამავდროულად ხელს შეუწყობს სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებასა და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას. მათ ასევე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შედეგად საქართველო განსაზღვრავს დაბალემისიანი განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეაფასებს კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებსა და შესაბამისი ხარჯებს, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედება ეროვნული და სექტორული პოლიტიკის შემუშავებას.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

წყარო: www.ge.undp.org


დაბრუნება