ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიომასის ენერგიის პროექტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

project on biomass energy

ბიომასის ენერგიის პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტების 2019-2020 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებულ ცხრა პროექტს შორის მოხვდა. კონკურსი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის, „ეფექტიანობის და განვითარების ქსელის“ (N4ED) ეგიდითაა ორგანიზებული.

გამარჯვებული პროექტი, „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის საქართველოში“, ევროკავშირმა პროგრამის, „მერების შეთანხმება — სადემონსტრაციო პროექტების“  ფარგლებში დააფინანსა. პროექტი, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მიერაა თანადაფინანსებული და მას საქართველოში „მერების შეთანხმების“ პარტნიორი, ენერგოეფექტიანობის ცენტრი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის ორი საბავშვო ბაღის სრული თერმული მოდერნიზაცია მოხდება. ამ მიზნით დამონტაჟდება განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები და ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე ავტონომიური გათბობის სისტემები. ასევე, შეიქმნება ვაზის ნასხლავისგან მიღებული ბიომასის მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ჩაანაცვლებს იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს და არაეკომეგობრული გზით გამოყენებულ შეშას. პროექტი მუნიციპალიტეტს „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული იმ ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება, რომლის მიზანიც მის ტერიტორიაზე CO2-ის გამოყოფის შემცირებაა.

წყარო


დაბრუნება